ბიზნეს კაფეს მეშვიდე შეხვედრა

29.11.2016

24 ნოემბერს გაიმართა ბიზნეს კაფეს მეშვიდე შეხვედრა, რომელზეც სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა სპიკერმა კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ რუხაძემ ისაუბრა თემაზე „ვინ არის მომავლის ლიდერი?“. 

ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლის ოქტომბრიდან პაშა ბანკის ექსკლუზიური მხარდაჭერით ხორციელდება. საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიების მენეჯერები. 

ღონისძიებისთვის სპიკერის შერჩევას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ბიზნეს კაფეს შეხვედრების მოდერატორებს შორის იყვნენ: ლადო გურგენიძე (საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე) თემით “აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”; გიორგი ქადაგიძე (საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი) თემით „ინოვაციების მართვა“; დავით გოგიჩაიშვილი ( “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი) - „ადამიანური რესურსების მართვა“; ალექსანდრე ჯეჯელავა (ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი) - „ორგანიზაციული კულტურა“;  ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0 - ანუ უკუღმა წაკითხული MBA-ის წიგნები“ და პაპუნა ტოლიაშვილი (სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი) - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“. „ბიზნეს კაფეს“ ფარგლებში ზემოთ აღნიშნული ტიპის შეხვედრები გაგრძელდება 2017 წელს. 

„ჩვენ, როგორც პროექტის ექსკლუზიურ მხარდამჭერს, ძალიან გვახარებს მის მიმართ ასეთი მზარდი და პოზიტიური ინტერესი, რაც, ვფიქრობთ, გამოწვეულია შეხვედრების ფორმატით, განსაკუთრებით კი, სპიკერისა და თემატიკის სწორი შერჩევით. დამსწრეები ყოველთვის აქტიურად ერთვებიან დისკუსიაში და რაც მთავარია, ხდება ამა თუ იმ საკითხის სიღრმისეულად განხილვა. ქ-ნი თინათინის პრეზენტაციაც არ იყო გამონაკლისი და სტუმრები ამჯერადაც კმაყოფილი დარჩნენ გაზიარებული ინფორმაციით. კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო საშუალება და მადლობა გადავუხადო კომპანია „ინსორსს“ ასეთი საინტერესო პროექტის შემოთავაზებისთვის. იმედი გვაქვს 2015 წელს დაწყებული ჩვენი პარტნიორობა მომავალ წელსაც გაგრძელდება,“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.