პაშა ბანკმა SOS ბავშვთა სოფელს ფინანსური თანადგომა გაუწია

პაშა ბანკმა კლიენტებს და პარტნიორებს აღდგომის დღესასწაული ტრადიციულად საქველმოქმედო აქტივობით მიულოცა. ბანკმა მათი სახელით თბილისის SOS ბავშვთა სოფელში გადარიცხა თანხა, რომლითაც დაიფარება იქ მცხოვრები ყველა აბიტურიენტის ინგლისურ ენაში მომზადების მთელი წლის ხარჯი.
ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციისთვის ხელშეწყობა.
„პაშა ბანკი უკვე სამი წელია ოპერირებს საქართველოში როგორც რეგიონალური კორპორატიული და საინვესტიციო ბანკი. დაარსების დღიდან ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რასაც ადასტურებს ბანკის მიერ განხორციელებული სხვადასხვა საქველმოქმედო თუ სოციალური აქტივობა. შარშან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენ გადავრიცხეთ გარკვეული თანხა ფონდში „პირველი ნაბიჯი საქართველო“. გადავწყვიტეთ, რომ წელსაც კეთილი საქმით აღგვენიშნა აღდგომა და თანაბრად გავუზიარეთ სიხარული, როგორც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს და კლიენტებს, ასევე საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს,“ - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.
„საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი მადლიერებას გამოთქვამს პაშა ბანკის მიერ განხორციელებული ქველმოქმედებისთვის, ვინაიდან რესურსების უანგაროდ მობილიზაცია და განათლებაში მიმართვა ხელს უწყობს ბავშვების წარმატებულ მომავალს. პაშა ბანკის სახით საქართველოს SOS ბავშვთა სოფელმა საიმედო პარტნიორი შეიძინა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში ბიზნეს სექტორის  ამგვარი მონაწილეობა სასარგებლო შედეგებს მოიტანს როგორც კონკრეტული ადამიანებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის.“ - განაცხადა ნოდარ თოფურიძემ, “საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ადვოკატირების მრჩეველმა.