პაშა ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი გარემოს დაცვითი პროექტი განხორციელდა

05.06.2017

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას, რომელიც პროექტის ორგანიზატორის “Georgia Today”-ს მიერ იქნა წინასწარ შერჩეული, კავკასიური სოჭის ნერგები გადასცა ამავე სკოლების ეზოებში დასარგავად. ნერგებთან ერთად თითოეულ სკოლას ასევე გადაეცა „Georgia Today“-ის ახალი გაზეთი “Georgia Today Education”, რომელიც სკოლის მოსწავლეების და სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი და მათ ინგლისური ენის დახვეწაში დაეხმარება. 

კავკასიური სოჭი (ლათ. Abies Nordmanniana) ფიჭვისებრთა ოჯახის მარადმწვანე წიწვოვანი ხეა, რომელიც გავრცელებულია კავკასიაში, უმეტესწილად - საქართველოში და თავისი ფორმის გამო მსოფლიოში ცნობილია როგორც ბუნებრივი საახალწლო ნაძვის ხე. კავკასიური სოჭის ნერგების შესყიდვა მოხდა სოციალური საწარმო  Green Life-ისგან, რომელიც მიზნად ისახავს კავკასიური სოჭის ნერგების მოშენებას ახორციელებს.

„პაშა ბანკი, დაპირებისამებრ, აგრძელებს  მწვანე პროექტების მხარდაჭერას. ამჯერად დიდი სიხარულით ჩავერთეთ გაზეთ “Georgia Today Education”-ის ინიციატივაში და პირველი ივნისის აღსანიშნავად მათ მიერ შერჩეულ სკოლებს გადავეცით კავკასიური სოჭის ათ-ათი ნერგი მათივე ეზოებში დასარგავად. ჩვენ ვთვლით, რომ ეკოლოგიური განათლების გაღრმავება სკოლის მოსწავლეებში და მათი უშუალოდ ჩართვა „მწვანე აქტივობებში“ უზრუნველყოფს მათ მეტად ინფორმირებულ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

“ჩვენი ყოველთვიური გაზეთი, რომლის მთავარი რედაქტორიც გახლავართ, ისეთ სოციალურ თემებს ეხება, როგორიცაა ბავშვებში გარემოს დაცვის სწავლება. ვთვლი, რომ ხის ნერგების სკოლებისთვის გადაცემა ნამდვილად სასიხარულო ფაქტია და ბავშვებიც ხალისით შეხვდნენ „Georgia Today Education“-ის და პაშა ბანკის წარმომადგენლებს. ის დადებითი ენერგია, რაც დაგვხვდა, მაძლევს საბაბს ვიფიქრო, რომ ისინი ნამდვილად კარგად მოუვლიან საკუთარი ხელით დარგულ ნერგებს. დარგვითი სამუშაოების გარდა, ბავშვებმა ასევე გამოავლინეს ინგლისური ენის ცოდნა მცირე კითხვით კონკურსში და მონაწილეობისთვის ჩემი წიგნი „ვამპირული ომები“ გადაეცათ. აღნიშნულ წიგნში ადამიანების მიერ გარემოსადმი არასწორი მოპყრობაა აღწერილი და ასწავლის, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ჩვენს პლანეტას. მე დიდ იმედს ვამყარებ საქართველოს მომავალ თაობაზე და ისეთ ორგანიზაციებზე, როგორიც ჩვენ და პაშა ბანკი ვართ, რადგან ისინი ზრუნავენ გარემოსდაცვითი საკითხების კომუნიკაციაზე. მჯერა, რომ ჩემი სამივე შვილი მალე უკეთეს მსოფლიოში გაიზრდება.” - ქეით დევისი, “Georgia Today Education”-ის მთავარი რედაქტორი.

პაშა ბანკის მიერ განხორციელებულ გარემოს დაცვით პროექტებს შორისაა:
-    2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგის დარგვა ბორჯომის მახლობლად 2008 წლის აგვისტოში დამწვარი 260 ჰექტარი ტყის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში
-    აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე1000 ძირი ქართული და იმერული მუხის დარგვა; ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი
-    პროექტი „აღადგინეს“ ფარგლებში დამატებით 500 ხის დარგვა ბორჯომის ტყის აღსადგენად
-    როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის მიერ ინიცირებული ეკო-პროექტის მხარდაჭერა სოფელ კონდოლში, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება

პაშა ბანკი 2017 წელს კიდევ არაერთი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას გეგმავს.