ბიზნეს კაფეს მეთერთმეტე შეხვედრა

22.06.2017

2017 წლის 20 ივნისს ბიზნეს კაფეს რიგით მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა, რომლის სპიკერი ამჯერად იყო კომპანია „სარკე სტუდიოს“ დამფუძნებელი ლევან ბახია თემით „სარკეში“ არეკლილი რეალობა - მარკეტინგული, მენეჯერული და ფილოსოფიური გამოღვიძება“.

ბიზნეს კაფეს შესახებ:

ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლიდან პაშა ბანკის პარტნიორობით ხორციელდება. 
პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. აქ ხდება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების, ასევე გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. პროექტი გამოირჩევა მრავალფეროვანი თემატიკით და ინტერაქტიული ფორმატით, რაც განაპირობებს მის მიმართ მზარდ ინტერესს. 2017 წლიდან პროექტს სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი. 

„ბიზნეს კაფეს დღევანდელი შეხვედრა, უნდა აღინიშნოს, რომ თემატურად გამორჩეული იყო. ამჯერადაც სტუმრები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ.  განსაკუთრებით ინტერაქტიული აღმოჩნდა შეხვედრის მეორე ნაწილი და შედეგად ჯამში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური დისკუსია. მოხარული ვართ, რომ პროექტი  ასეთი წარმატებით მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.


ბიზნეს კაფეს შეხვედრების სპიკერებს შორის იყვნენ: 
- ლადო გურგენიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე       -“აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”
- გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი -  „ინოვაციების მართვა“
- ალექსანდრე ჯეჯელავა, ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი - „ორგანიზაციული კულტურა“
- დავით გოგიჩაიშვილი, “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი - „ადამიანური რესურსების მართვა“
- ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0, ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“
-პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“
- თინათინ რუხაძე, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - „ვინ არის მომავლის ლიდერი?“
-  გუგა ცანავა, ბიზნეს კონსულტანტი და ანტერპრენიორი - “სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი”
- საშა ტერნესი, კომპანია TERNES Real Estate Fund-ის დამფუძნებელი და პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი - „ორგანიზაციული კულტურა, ბიზნეს ეთიკა და კორპორატიული მართვა“
-  გიორგი ქანანაშვილი, ანტერპრენიორი  - „ფინანსურ ტექნოლოგიებსა და გამოწვევებზე“.