პაშა ბანკმა MEETING ROOM – ის ფარგლებში პირველ ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლა

27.05.2016

სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდა ბიზნეს კონფერენცია - „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში.“ აღნიშნული კონფერენცია პაშა ბანკის ახალი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში შედგა და მისი მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და Colliers International Georgia.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიურად დაუჭირა მხარი აღნიშნულ შეხვედრას, რადგან მზარდი ტურისტული ნაკადის ფარგლებში, რასაც ბოლოდროინდელი სტატისტიკა ადასტურებს, კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ფორუმის დამსწრეებს ბნ-მა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო საქართველოში ტურიზმის არსებული დინამიკა, მიღწევები და სამომავლო გეგმები.

Colliers International-ის ბრიტანეთის ოფისიდან სპეციალურად მოწვეულმა სპიკერმა მარკ ფინიმ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ ოპერატორების უპირატესობებზე ისაუბრა. Colliers International უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიაა, საქართველოს ოფისის ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონების კვლევა, შეფასება და კონსულტაცია, კორპორატიული ბროქერიჯი და დეველოპმენტ კონსალტინგი წარმოადგენს. 

კონფერენციას ესწრებოდნენ სასტუმრო ბიზნესში ჩართული და ამ სექტორით დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები: Hotels and Preference, Rixos, Hilton, Marriott, Dreamland Oasis, Axis, Anagi და სხვა.

„მოხარული ვართ, რომ MEETING ROOM-ის პირველი შეხვედრა წარმატებით შედგა და ჩვენ რეალურად დავინახეთ მისი, როგორც ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის, მნიშვნელობა. ვიმედოვნებთ, აღნიშნული კონფერენცია დადებითად აისახება ქვეყანაში სასტუმრო ბიზნესის განვითარებაზე და პაშა ბანკი თავის წვლილს შეიტანს ამ პროცესში. MEETING ROOM-ის ფარგლებში პაშა ბანკი მომავალშიც უმასპინძლებს კონფერენციებს სხვადასხვა თემატიკაზე. “ - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.