სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსების ალტერნატივები - პაშა ბანკის მეოთხე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში

27.11.2017

6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გამართავს რიგით მეოთხე ბიზნეს-კონფერენციას, რომელიც ამჯერად საქართველოში სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსების სპეციფიკურ სქემებსა და პირობებს დაეთმობა.

MEETING ROOM-ის ეს შეხვედრა უმასპინძლებს აგრობიზნესის სექტორში დასაქმებულ და ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს. შეხვედრაზე განხილული იქნება აღნიშნული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა: საქართველოში აგრობიზნესის განვითარება, კაპიტალის მოზიდვის გზები, სადაზღვევო სისტემები, აგრო-პროექტების დაფინანსებისთვის გასათვალისწინებელი პირობები და ა.შ.

ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრენენ შემდეგი სპიკერები: 

მამუკა კვარაცხელია - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი
გიორგი დანელია - საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი
ანი ქობალია - საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ასოცირებული დირექტორი სოფლის მეურნეობის და ლოჯისტიკის მიმართულებით
ზვიად ქაჯაია - პაშა ბანკის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი
ვლადიმერ გუგუშვილი - „არომა პროდაქტს“, პარტნიორი და დირექტორი

ფორუმის მოდერატორი იქნება გიორგი შარაშიძე, Georgia Today Group-ის გენერალური დირექტორი.

„მოხარული ვართ, დავაანონსოთ MEETING ROOM-ის მეოთხე ბიზნეს კონფერენცია, რომელიც ამჯერად სოფლის მეურნეობის განვითარებას და მისი დაფინანსების სქემებსა და ინსნტრუმენტებს დაეთმობა. MEETING ROOM-ის ფარგლებში აქამდე უკვე სამი შეხვედრა გაიმართა სასტუმრო ბიზნესის, განახლებადი ენერგიის და ჯანდაცვის სექტორების განვითარების საკითხებზე. 6 დეკემბერს ჩვენ კვლავ ვიკრიბებით სასტუმრო რედისონში, სადაც ამჯერად განვიხილავთ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროექტების განსახორციელებლად ფულადი რესურსების მოზიდვის გზებს და პირობებს. ფორუმზე ვეპატიჟებით აღნიშნული თემით დაინტერესებულ მხარეებს და ვიმედოვნებთ, რომ აქ გაზიარებული გამოცდილება ღირებული იქნება როგორც დამსწრეებისთვის, ასევე ზოგადად აგრობიზნესის განვითარებისთვის.“ -  განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების და სასარგებლო გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.