Caspian Energy-მ პაშა ბანკი საქართველო „წლის ბანკად“ დაასახელა

18.11.2014

პაშა ბანკმა კასპიის ზღვის ენერგეტიკის ფორუმს ოქროს სპონსორობა გაუწია. ფორუმი გაიმართა თბილისში 2014 წლის 14 ნოემბერს. მასში მონაწილეობდნენ წამყვანი სამთავრობო და კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლები. გამომდინარე იქიდან, რომ პაშა ბანკი მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, ის Caspian Energy - ის მხრიდან „წლის ბანკად“ დასახელდა. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა,  პრიზი და დიპლომი პაშა ბანკი საქართველოს გენერალურ დირექტორს - შაჰინ მამმადოვს გადასცა. 

კასპიის ზღვის ენერგეტიკის ფორუმის პირველი ნაწილი ეხებოდა  კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების  ქვეყნების ენერგეტიკული ინტეგრაციის საკითხებს. ფორუმის სპიკერების, დელეგატებისა და მონაწილეების მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს როლი ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში , ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სექტორში, სამხრეთის კორიდორის პროექტსა და კასპიის ზღვის რესურსების ათვისების პოტენციალში.

„2014 წლის კასპიის ზღვის ენერგეტიკის ფორუმი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების განსახილველ პლატფორმას, რომელიც წვლილს შეიტანს კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებში მდებარე ქვეყნების ფინანსური სექტორის ინტეგრაციაში და ახალი ინვესტიციების მოზიდვაში. პაშა ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ბიზნესს და წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა კასპიის ზღვის ენერგეტიკის მეორე საერთაშორისო ფორუმის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ზრდისკენ და საქართველო - აზერბაიჯანის ურთიერთობების გამყარებისაკენ მიმართული საერთო მიზნებისათვის გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს“ – განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, მამმადოვმა.

კასპიის ზღვის ენერგეტიკის ფორუმის მეორე ნაწილი მიმართული იყო საქართველოს ჰიდრო და გეოთერმული ენერგეტიკის სექტორის განვითარების საკითხებისა და პერსპექტივებისკენ. თანამედროვე ორმაგ–ციკლიანი გეოთერმული ელექტროსადგურები განხილული იქნა ახალი ზელანდიის მაგალითზე. ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს ნავთობისა და გაზის წარმოების სექტორის პერსპექტივების შესახებ. 

მესამე და მეოთხე სესიები შეეხო საქართველოს ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიის, ტურიზმის, ტრანსპორტის, აგრეთვე ინვესტიციების, ფინანსური, IT&კომუნიკაციების სფეროებს.

ფორუმის ორგანიზატორი იყო კასპიის ზღვის ენერგეტიკის საერთაშორისო მედია ჯგუფი. ფორუმის ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპისა და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შპს SOCAR Energy Georgia, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და კასპიის ზღვის ევროპული კლუბი.